ბორჯომის შესახებ

ბორჯომის შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის დონიდან 800 – 1000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. რმუნიციპალიტეტის  ტერიტორია მოიცავს მცირე კავკასიონის ნაწილს, თრიალეთის ქედის დასავლეთ და მესხეთის ქედის აღმოსავლეთ დაბოლოებებს, უჭირავს ე.წ. თორის ქვაბული და ბორჯომის ხეობა.
რელიეფი უმეტესად მთიანია. სოფელ აწყურიდან (სამხრეთ-დასავლეთი) სოფელ ტაშისკარამდე (ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი) მისი სიგრძეა დაახლოებით 60 კმ. ხეობის ფერდობებს ქმნის მესხეთისა და თრიალეთის ქედები. ბორჯომის ხეობა ახალციხის ქვაბულს შიდა ქართლის ბართან აკავშირებს. გენეტურად ტექტონიკური-ეროზიული ღრმა (1300-1500 მ) გამკვეთი ხეობაა.
ბორჯომის ხეობის გაგანიერებულ ტერასულ უბნებს ციცაბო ფერდობებიანი ვიწრობები ენაცვლება. ხეობის ფერდობები დასერილია ხევებით. ბევრგანაა მეწყერები და გაშიშვლებული კლდეები.


სასარგებლო წიაღისეული

მუნიციპალიტეტის ძირითადი წიაღისეული და  სიმდიდრეა:
ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი სამკურნალო წყალი – ბორჯომის საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი მინერალური წყალი, რომლის დებიტი დღე–ღამეში 700 კუბურ მეტრს აღემატება, ხოლო ტემპერატურა 17–დან 38 გრადუსამდე მერყეობს.
ნახშირმჟავა–რკინის შემცველი თერმულ–მინერალური სამკურნალო წყალი, რომლის ძირითადი მარაგი დაბა წაღვერში მოიპოვება.
გოგირდოვანი თერმულ–მინერალური სამკურნალო წყალი, რომლის ძირითადი მარაგი სოფელ ციხისჯვარში მოიპოვება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ასევე არის სამშენებლო ქვები — ანდეზიტი, ბაზალტი და პემზა, რომელთა რამდენიმე საბადოა ცნობილი. განსაკუთრებით ცნობილია დაბა ბაკურიანის ანდეზიტში არსებული ანდეზიტის საბადო, რომლის მარაგი 5 მილიონ კუბურ მეტრს აღწევს და უდიდესია საქართველოში.


ნიადაგი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ფარგლებში რამდენიმე ნიადაგურ–კლიმატური ზონა გამოიყოფა. თრიალეთის ქედის საშუალო მთის ჩრდილო კალთებზე, დანაწევრებული რელიეფისა და არასაკმარისი სითბოს პირობებში, ფართო ტყის მასივებით დაკავებულ ტერიტორიებზე, წარმოდგენილია ზომიერად თბილი, მთა–ტყეთა ნიადაგურ–კლიმატური ზონა, სადაც სხვადასხვა დაქანების ფერდობებზე გავრცელებულია მთა–ტყის ყომრალი ნიადაგები. მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ მაღალმთიან ნაწილში შედარებით მცირე ფართობი უკავია ზომიერად ცივ, მთა–მდელოთა ნიადაგურ კლიმატურ ზონას, სუბალპური და ნაწილობრივ ალპური მთა–მდელოს ნიადაგებით, ფრაგმენტულად მთა–მდელოს შავი მიწისებრი ნიადაგებით. სამხრეთით ვულკანური მთიანეთის ფარგლებში, სათივებისა და საძოვრების გავრცელების რეგიონებში, წარმოდგენილია ზომიერად თბილი მთის სტეპების ნიადაგურ–კლიმატური ზონა, სადაც ყველა ექსპოზიციისა და დაქანების ფერდობზე გვხვდება მთის შავმიწა ნიადაგი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, გარდა ზემოაღნიშნული გენეტიკური ტიპებისა, ასევე ყავისფერ ნიადაგებსაც მოიცავს.
ბორჯომის ხეობაში, ისევე როგორც თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილის შემაღლებულ ზოლში, დიდი მასივებითაა გავრცელებული ახალგაზრდა ვულკანური ქანები, უმთავრესად ანდეზიტებისა და ბაზალტების სახით. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 60–65% ტყის მასივით არის დაფარული, რომლის ფართობია 68467 ჰა და მცენარეების ნაირსახეობებით (1600 –ზე მეტი სახეობა) არის მდიდარი. უმეტესად წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი და სხვა) და ფოთლოვანი (მუხა, წიფელი, რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი, არყის ხე და სხვა) ჯიშები დომინირებენ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანია. გავრცელებულია ფრინველის 70 სახეობა (არწივი, ქორი,ძერა,კოდალა,ოფოფი და სხვა), ცხოველების 30–მდე სახეობა (ირემი, შველი, დათვი, კვერნა, წავი, მგელი, მელა, ფოცხვერი, კავკასიური ციყვი და სხვა), თევზების 10–ზე მეტი სახეობა (კალმახი, ქაშაპი, ხრამული, ფრიტა, კობრი და სხვა). განსაკუთრებით აღსანიშნავია ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს ხელუხლებელ ფლორას და ფაუნას.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარეებსა და ტბებს მთლიანად 1141 ჰექტარი უჭირავთ, მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით მდიდარია სამკურნალო თერმულ–მინერალური წყლებით.
მუნიციპალიტეტს სამხრეთ–დასავლეთიდან ჩრდილო–აღმოსავლეთისაკენ კვეთს მდინარე მტკვარი, რომელსაც მარჯვნიდან ერთვის მდინარეები – ბორჯომულა, გუჯარულა, ყვიბისისწყალი, ნეძვისწყალი, ბაკურიანისწყალი, ბანისხევი, დვირულა და სხვა. მდინარეები ძირითადად თოვლისა და წვიმის წყლით საზრდოობენ. წყალდიდობა იცის მაისში, წყალმცირობა ზამთარში. მდინარეები გამოიყენება, როგორც ჰიდროენერგეტიკული მიზნით, ისე სარწყავად.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბევრი ტბაა: ტაბაწყურის, კახის, წეროს, მინდიაშვილის და სხვა.